English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ინეზა ვაწაძე
სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და გამოწვევები რაჭაში

რეზიუმე. მუნიციპალური ტურისტული ცენტრებიდან და სოფლის ტურისტული პროდუქტების რეალური მწარმოებლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დახასიათებულია რაჭის სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და ჩამოყალიბებულია ძირითადი გამოწვევები, კერძოდ, საცხოვრებელი სახლების შეუსაბამობა ტურისტთა განთავსების საშუალებებისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიძნელე, ტურისტული პროდუქტების მწარმოებელთა კვალიფიკაციის დონის უკმარისობა, ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილის სიმცირე ტურისტთაA კვებითი მომსახურების საერთო მოცულობაში, რაჭაში სოფლის ტურიზმის განვითარების კონცეფციის არ არსებობა. ამ გამოწვევათაA დაძლევა ხელს შეუწყობს რაჭაში სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: სოფლის ტურისტული ბიზნესი, სოფლის ტურისტული პროდუქტი, რეალური მწარმოებელი, საოჯახო სასტუმრო.

შესავალი

სოფლის ტურიზმი დღეისათვის აღიარებულია ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე დინამიურ, სწრაფადმზარდ და პერსპექტიულ მიმართულებად, რომელსაც აქვს ცალკეული ინდივიდების, სოფლების, რეგიონების და ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პოტენციალი. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 25 მარტს ტურიზმის მსოფლიო ფორუმზე(სეგოვია, ესპანეთი) 2020 წელი გამოცხადდა სოფლის ტურიზმის ხელშეწყობის წლად[1].

სოფლის ტურიზმს უწოდებენ ტურიზმის ყოველგვარ სახეობას, რომელიც ხორციელდება სოფლად, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით და უზრუნველყოფს სპეციფიკური ტურისტული პროდუქტის შექმნას [1: 51-57]. მიაჩნიათ, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება განპირობებულია ქალაქის მცხოვრებთა სურვილით ჴ ცოტა ხნით მაინც დააღწიონ თავი მეგაპოლისების ცხოვრების წესის თანამდევ ძალზე დიდ ემოციურ დატვირთვებს. ამ დატვირთვების შესაბამისად იზრდება რეკრეაციული მოთხოვნილებები და სოფლის ტურიზმისადმი ინტერესი [2: 51-60].დღეისათვის სოფლის მეურნეობის დაბალი შემოსავლიანობა უბიძგებს სოფლის მოსახლეობას არასასოფლო-სამეურნეო სფეროსაკენ, კერძოდ, სოფლის ტურისტულ ბიზნესში დასაქმებისაკენ [3: 209-223].

სოფლის ტურიზმის ბიზნესის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკურად დეპრესირებული მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, როგორიცაა რაჭა. რაჭაში სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია არსებული მდგომარეობის შეფასება.

სოფლის ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას [4: 343-370].

აქედან გამომდინარე, იგი  მიჩნეული უნდა იქნეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე სტრატეგიის ძირითადი კონცეფციის ჴ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად. ეს სტრატეგია წარმოადგენს დღევანდელი მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინოვაციას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის სულ უფრო მეტი ნაწილის ჩაბმას ეკონომიკური ზრდის პროცესში. სოფლად ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ სოფლის რესურსები, შედარებით მცირე ფინანსებით ვაწარმოოთ ბიზნესი სოფლად, მივაღწიოთ ინვესტირებული კაპიტალის სწრაფ და ეფექტიან უკუგებას და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების, კერძოდ, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებას [5: 464-470].

რაჭაში სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარების მდგომარეობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზის დროს საპროგრამო დოკუმენტს წარმოადგენს ,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისათვის” [6]. სტრატეგია ითვალისწინებს ტურისტული ინდუსტრიის ადგილობრივი შესაძლებლობების შესწავლისა და გამოვლენის საფუძველზე რეგიონში ტურიზმის კომპლექსურ განვითარებას, კერძოდ,

-    ტურიზმის სხვადასხვა სახეების განვითარებისათვის ხელშეწყობას;

-    ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონის გაზრდას;

-    ახალი ტურისტული პოტენციალის მქონე ობიექტების გამოვლენას;

-     ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის ხელშეწყობას;

-    ტურისტული მომსახურების ობიექტებში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;

-    ტურისტულ მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებული ადგილობრივი ნაციონალური, ეკოლოგიურად სუფთა და საერთაშორისო ცნობადობის რაჭული ღვინოებისა და ლორის პოპულარიზაციას და წარმოებისათვის მხარდაჭერას.

ყოველივე ეს განაპირობებს რაჭის სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის აქტუალობას.

კვლევის მეთოდოლოგია

სოფლის ტურიზმის განვითარების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლისათვის გამოყენებული იყო რაჭის მუნიციპალიტეტების ტურისტული პროდუქტების რეალურ მწარმოებელთა (89 რესპოდენტი) გამოკითხვითა და მუნიციპალური ტურისტული ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციები. მუნიციპალური ტურისტული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ იურიდიული პირის სტატუსით, თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზნად ისახავენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებასა და შეგროვებას. გამოყენებული იყო სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდი (პირისპირ ინტერვიუირება და სატელეფონო გამოკითხვა) ჩვენს მიერ შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით.

გამოკვლევის შედეგები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურისტული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დღეისათვის ფუნქციონირებს 72 საოჯახო სასტუმრო. აქედან 28 სასტუმრო ქ. ამბროლაურში მდებარეობს, ხოლო 44 - სოფლებში. სასტუმროებში ადგილების (საწოლების) საერთო რაოდენობაა 906.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროები ძირითადად წარმოადგენენ მცირე საწარმოებს შეზღუდული რაოდენობის საწოლებით. მაგალითად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 10 საწოლიანი 11 სასტუმროა, 10-იდან 20-მდე საწოლია 14 სასტუმროში, 20-იდან 30-მდე ჴ 13 სასტუმროში, 30-იდან 40-მდე - 6 სასტუმროში.[2]

Oონის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, განთავსების საშუალებების საერთო რაოდენობა ონის მუნიციპალიტეტში შეადგენს 34-ს. აქედან 5 სასტუმროა (ქ. ონში), ხოლო 29 - საოჯახო სასტუმრო. შესაბამისად, საწოლების რაოდენობა შეადგენს 574-სა და 588-ს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის ტურიზმის გამოწვევებად ტურისტული ცენტრის მიერ დაფიქსირებულია საგზაო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, უცხოენოვან გიდთა დეფიციტი და სოფლის ტურიზმის იდეის  გაუცნობიერებლობა.

ქვემოთ მოცემულია სოფლის ტურისტული პროდუქტის რეალური მწარმოებლისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რაჭაში ტურისტული აქტივობის ამ მიმართულების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის შედეგები.

რაჭაში სოფლის ტურისტული ბიზნესი ძირითადად წარმოდგენილია საოჯახო სასტუმროს სახით. ეს არის სოფლის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპტირებულია ტურისტთა მიღებისათვის. ზოგიერთ მათგანში ტურისტთან ერთად მასპინძელიც ცხოვრობს, ზოგიერთი კი გათვალისწინებულია მხოლოდ ტურისტთაA დასაბინავებლად. ამასთან ერთად, ტურისტებს იღებენ კოტეჯებშიც. გამოკითხვით დადგინდა განთავსების საშუალებების ასეთი პოტენციური შესაძლებლობა:

-    49 მეწარმეს, ანუ 55 %-ს შეუძლია სტუმრებისათვის ცალკე ოთახის შეთავაზება სახლში, სადაც თვითონაც ცხოვრობს;

-    29 მეწარმეს, ანუ 32,6%-ს შეუძლია რამდენიმე ოთახის დათმობა სტუმრებისათვის სახლში, სადაც თვითონაც ცხოვრობს

-    11 მეწარმეს, ანუ 12,3%-ს შეუძლია მთელი სახლის (კოტეჯის) გაქირავება

 37 საოჯახო სასტუმრო (41, 6%) ფლობს 10-მდე საწოლს, 10-იდან 20-მდე საწოლის მფლობელია 46  სასტუმრო (51, 7%), დანარჩენი 6 სასტუმრო (6,7 %), შედარებით დიდი ზომისაა და თვითეულ მათგანში მოწყობილია 20-ზე მეტი საწოლი.

სოფლის ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილება ასეთია:

-    ერთ წლამდე სტაჟის მქონეა 33 მეწარმე ანუ 37%;

-    ერთიდან ორ წლამდე 32 მეწარმე ანუ 35,9%;

-    ორიდან სამ წლამდე 15 მეწარმე ანუ 16,8%;

-    სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვს 9 მეწარმეს, ანუ 10,%

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, სოფლის ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა უმეტესობა ახალბედაა, ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე სტაჟის მქონეთა საერთო რაოდენობა შეადგენს 65 სუბიექტს, ანუ 73%-ს.

კვებითი მომსახურების ძირითად ფორმად 27 საოჯახო სასტუმროში გამოყენებულია სრული პანსიონი (30,3%). ,,საწოლი და საუზმის” ფორმა (B&B) გამოყენებულია 47 სასტუმროში (52,8%), ხოლო თვითმომსახურების პრინციპით მუშაობს 15 სასტუმრო (16,8%).

ტურისტული პროდუქტის მწარმოებელთა დაკვირვებით, სტუმრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ინტენსიური ქალაქური ცხოვრებიდან თავის დაღწევისა და ბუნების წიაღში დასვენების შესაძლებლობა (39,3%). სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაცნობით დაინტერესებულია შედარებით მცირე რაოდენობის ტურისტები (5%), ადგილობრივი (რაჭული) სამზარეულოსადმი ინტერესს ამჟღავმნებს 5,6%, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საშუალებებით სარგებლობა სურს  14, 6%, ღვინის დეგუსტაცია აინტერესებს 23,6 %, კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებით დაინტერესებულია 5,6%, თევზაობით-4,5%, ნადირობით – 2,2%.

როგორც გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, ტურისტთა მეტი ნაწილი ამჟღავნებს ინტერესს სოფლად, იდილიურ პირობებში, ბუნების წიაღში დასვენების მიმართ.

აღმოჩნდა, რომ ტურის საშუალო სადღეღამისო ღირებულება (მხოლოდ ღამის თევა) მერყეობს 15-დან 25 ლარამდე, ღამის თევა და საუზმე 35 ლარი ჯდება, ხოლო ღამისთევა და სრული პანსიონი საშუალოდ 50-80 ლარი ღირს.

გამოკითხვით დადგინდა, რომ ვიზიტორთა შორის ჭარბობენ ერთკვირიანი დამსვენებლები, მეორე ადგილი უჭირავთ 3-დან 5 დღემდე სტუმრობის მსურველებს. მცირეა ერთი დღე-ღამით და ერთი თვით დარჩენის მსურველთა რაოდენობა. ეს მონაცემები არ არის ზუსტი, რადგანაც გაირკვა, რომ სასტუმროს მეპატრონეები არ ახდენენ შესაბამის სტატისტიკურ არღიცხვას. მიუხედავად ამისა ისინი გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევენ მოვლენის ტენდენციის შესახებ. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სოფლის ტურიზმის მწარმოებლისათვის ტურის გახანგრძლივება ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია.სწორედ ამის გამო ,,საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025”-ის მიხედვით [7] ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ სამიზნე ინდიკატორად მიჩნეულია ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა 4,3 დღიდან 5,3 დღემდე.

ქვემოთ მოტანილ ცხრილში (ცხრ. 2) მოცემულია რაჭაში წლის განმავლობაში ვიზიტორთაA რაოდენობის მიხედვით სასტუმროების დაჯგუფება.

                                                      ცხრილი 2

სასტუმროების დაჯგუფება წლის განმავლობაში ვიზიტორთაA რაოდენობის მიხედვით

#

ტურისტების რაოდენობა (კაცი)

სასტუმროთა  რაოდენობა

%A საერთო რაოდენობის მიმართ

  1.  

10-იდან 20-მდე

25

28

  1.  

20-იდან 30-მდე

21

23,6

  1.  

30-იდან 50-მდე

18

20,2

  1.  

50-იდან 100-მდე

15

16,8

  1.  

100-ზე მეტი

10

11,2

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, რეგიონში ჭარბობს ისეთი სასტუმროები, რომლებიც წლის განმავლობაში 10-იდან 20ჴმდე ტურისტს იღებენ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს ამ კატეგორიის სასტუმროების ტურისტული პოტენციალის გამოყენების დაბალ დონეზე. დამატებითი გამოკითხვით გაირკვა, რომ სასტუმროთა ამ კატეგორიაში შედის ახლად დაფუძნებული ბიზნეს ობიექტები, რომელთაც ჯერჯერობით არ მოუპოვებიათ სათანადო ცნობადობა. მათი საქმიანობის მარკეტინგული უზრუნველყოფა მოითხოვს სარეკლამო სამუშაოების სრულყოფას. როგორც გაირკვა, სოფლის ტურისტული პროდუქტის ზოგიერთმა მწარმოებელმა, რომელიც ადრე სარგებლობდა დაჯავშნის სპეციალური საიტით (Booking.com), საბოლოოდ უარი თქვა ამ მომსახურებაზე მისი სიძვირის გამო, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო ამ მომსახურების ეფექტიანობაში. სოფლის ტურისტული პროდუქტის პრომოუშენი წარმოადგენს მნიშვნელოვან მარკეტინგულ ნიშას, რომლის დაკავებით უნდა დაინტერესდნენ ტურისტული ასოციაციები. ეს ხელს შეუწყობს როგორც ამ ასოციაციების ეკონომიკურ წარმატებულობას, ასევე, შესაბამისი ბიზნეს ორგანიზაციების განვითარებას.

შესწავლილი იყო რეგიონის ვიზიტორთა წარმომავლობა .გაირკვა, რომ სტუმართაA უმეტესობას შეადგენენ შიდა ტურისტები, ამასთან რაჭას სტუმრობენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდან, რომელთა შორის ჭარბობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები.

იმის დასადგენად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თავიანთი ბიზნესის წარმატებისადმი  რესპოდენტებს, უნდა შეეფასებინათ თავიანთი საქმიანობა შემდეგი მაჩვენებლებით: ,,საშუალო”, ,,საშუალოზე მაღალი” და ,,მაღალი”.

-    15-მა მეწარმემ (16,8%) თავიანთ ბიზნესს მისცა შეფასება - ,,საშუალო”;

-    67-მა მეწარმემ (75,3%) - ,,საშუალოზე მაღალი”;

-    7-მა მეწარმემ (7,8%) - ,,მაღალი”.

რა თქმა უნდა, ეს შეფასებები სუბიექტურია და არ ასახავენ რეალურ ვითარებას, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნიან თავიანთი საქმიანობისადმი მეწარმეთა დამოკიდებულებაზე.

რაჭის სოფლებისათვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ადგილების კანალიზაციის სისტემის მოწყობა თანამედროვე სანიტარული მოთხოვნების შესაბამისად. ამ კონტექსში საინტერესოა არსებული მდგომარეობის შეფასება სოფლის ტურისტული პროდუქტების მწარმოებლების მიერ.

აღმოჩნდა, რომ ტურისტულ ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს 56 მეწარმე, ანუ 62,9% აფასებს ,,3-თ”, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამის ობიექტებში არსებობს მხოლოდ საერთო სარგებლობის საშხაპე-საპირფარეშოები. 30 მეწარმე, 33,7% მდგომარეობას აფასებს ,,4-ით”, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ობიექტებში შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური საშხაპე-საპირფარეშოებით სარგებლობა. მხოლოდ 3-მა მეწარმე (3,4%) შეაფასა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ,,5-ით”, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ობიექტებში ინდივიდუალური საშხაპე-საპირფარეშოების გარდა, შესაძლებელია ინდივიდუალური აბაზანით სარგებლობა. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ტურისტული მომსახურებისადმი წაყენებულ თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებს, ამიტომ უახლოეს მომავალში არ უნდა გვქონდეს საზღვარგარეთელი ტურისტების დიდი ნაკადების სტუმრობის იმედი. დამაფიქრებელია ის მდგომარეობა, რომ მეწარმეთა უმეტესობა (62,9%) არსებულ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

ყველა გამოკითხული ბიზნესმენი განიცდის ფინანსური დახმარების საჭიროებას, 62 ანუ 69,6% მოითხოვს ტრეინინგებს ტურისტული ბიზნეს-ოპერაციების სფეროში, ხოლო 47 მეწარმე (48,3%) ჴ უცხო ენის შესწავლისათვის.

ცნობილია, რომ როდესაც რეგიონი ტურისტთა კვებითი მომსახურების დაკმაყოფილებას ძირითადად ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოყენებით ახერხებს, ამ რეგიონში გაცილებით მეტი დამატებული ღირებულება იქმნება და მეტია რეგიონის წილი ქვეყანაში შექმნილ მშპ-ში და მით უფრო ძლიერია რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა იმის გარკვევა, თუ როგორ წყდება კვებითი მომსახურებისEBპრობლემა რაჭაში. მწარმოებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი უმეტესობა (95,5%) ტურისტული ბიზნესის განხორციელებისათვის Bიყენებს როგორც საკუთარ კარმიდამოში შექმნილ, ასევე ბაზარზე შეძენილ პროდუქციას. მეწარმეთაA მცირე რაოდენობა (4,5%) კმაყოფილდება საკუთარ კარმიდამოში მოწეული ნედლეულით. 

ექსპერტთა დაკვირვების მიხედვით ბოლო 2-3 წელიწადში უცხოელ ტურისტთაA რაოდენობა რაჭის რეგიონში თვალსაჩინოდ გაიზარდა, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტურიზმი ამ რეგიონში მთავარი ეკონომიკური სექტორი გახდება [8]. დღეისათვის რეგიონში მეტ-ნაკლებად განვითარებულია ტურიზმის შემდეგი მიმართულებები: სათავგადასავლო ტურიზმი, ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და დასვენების (რეკრეაციული) ტურიზმი. დასახელებული წყაროს მიხედვით, რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტიული მიმართულებებია: აგროტურიზმი, სოფლის ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და საწყლოსნო ტურიზმი.

დასკვნა

ქვემოთ მოცემულია ჩატარებული დაკვირვების შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული გამოწვევები, რომელთა დაძლევა, ჩვენი რწმენით, ხელს შეუწყობს რაჭაში სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარებას.

ფაქტიური მონაცემების საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ რაჭის სოფლებში საცხოვრებელი სახლებისა და შესაბამისი კარმიდამოს დღევანდელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები არ შეესაბამება უმეტეს საზღვარგარეთულ ქვეყნებში მიღწეულ დონეს, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას. მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ფინანსური ინვესტიციების განხორციელება.

რაჭაში ტურისტული ბიზნესის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ არსებული შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში ინდმეწარმეებისათვის, მათ შორის სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის, კერძოდ, საოჯახო ბიზნესის განვითარებისათვის, ვერ უზრუნველყოფს იმ შედარებით მცირე აუცილებელ კაპიტალდაბანდებებით მოთხოვნილებასაც კი, რაც საჭიროა რეგიონში უკვე არსებული საცხოვრებელი ფონდის იმ კონდიციამდე მიყვანისათვის, რომ შეესაბამებოდეს მსოფლიო გამოცდილებასა და თანამედროვე ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს.

ცნობილია, რომ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს,  დასაქმდეს ტურისტული საქმიანობის სფეროში, წარმატების მისაღწევად სჭირდება ტოპმენეჯერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების, კერძოდ, მარკეტოლოგის, სოციოლოგისა და ეკონომისტისათვის საჭირო პროფესიული უნრ-ჩვევების ფლობა.უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანებს არ მიუღიათ სპეციალური ცოდნა ამ სფეროებში, რაც ხელს უშლის ტურისტული ბიზნესის წარმატებულ განხორციელებას და წარმოადგენს სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევას.

დღეისათვის რაჭაში სოფლის ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ქვეყნიდან ვალუტის გადინებასთან, რაც გამოწვეულია ტურისტული მომსახურებისათვის უცხოური საქონლის შეძენით. ამ ხარჯში ყველაზე მეტი წილი მოდის კვების პროდუქტების შეძენაზე. ეს არ უწყობს ხელს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ტურისტული დანახარჯებიდან მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღებისათვის აუცილებელია, რომ სოფლის ტურიზმში ინვესტირება ხორციელდებოდეს ეროვნული წარმოების პროდუქტის შესაძენად. საქართველოში, კერძოდ, მის ცალკეულ რეგიონებში, მათ შორის რაჭაში, ძალზე მაღალია იმპორტული პროდუქტების წილი ტურისტთა კვებით მომსახურებაში.

სოფლის ტურიზმიდან მომხმარებელი ელოდება მიმზიდველ გარემოში დასვენებით, ლამაზი პეიზაჟებით ტკბობასთან ერთად სხვა კულტურულ-რეკრეაციული რესურსებით სარგებლობას. რეალურად დღეისათვის რეგიონში სოფლის ტურისტული პაკეტი გაცილებით მწირია, რაც ხელს არ უწყობს დამატებული ღირებულებების შექმნას. რაჭის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სეზონურობა.

რაჭის მუნიციპალიტეტები მიეკუთვნებიან მაღალმთიან დასახლებებს, სადაც სოფლის ტურიზმის განვითარებას, სპეციალისტთა საერთო შეხედულებით, მწვავე გამოწვევას უქმნის უგზოობა და ცენტრალური ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან სოფლების ხანგრძლივად მოწყვეტა.

მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა სოფლის ტურისტული ბიზნესისა და ბიზნეს-ასოციაციებს შორის ურთიერთკავშირის არასაკმარისი ეფექტიანობა. მიგვაჩნია, რომ ბიზნეს-ასოციაციები ყოველთვის არ ფლობენ სოფლის ტურისტული ბიზნესის საჭიროებების შესახებ სრულ ინფორმაციას. ასეთი ინფორმაციის მოპოვებისათვის, კერძოდ, მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის ბიზნეს-ასოციაციებმა უნდა გაააქტიურონ სოფლის ტურისტული ბიზნესის წინაშე მდგომი პრობლემების ანალიზი.

რაჭაში, როგორც დეპრესირებულ რეგიონში, სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ამ სამეურნეო პრობლემებისადმი ადეკვატური კონცეფციით მიდგომა, მაგრამ ასეთი კონცეფცია დღემდე არ არსებობს, რაც რეგიონში სოფლის ტურისტული ბიზნესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად უნდა ჩაითვალოს.

დღემდე არ არსებობს საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითარების მარეგულირებელი სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი ნორმატულ-სამართლებლივი უზრუნველყოფის სისტემა, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

სოფლის ტურიზმის განვითარების გამოწვევას წარმოადგენს მთავრობის მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასების (RIA) სისტემის არარსებობა.

სოფლის ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულე ითვლება, რასაც ადასტურებს სოფლის ტურისტული პროდუქტის რეალურ მწარმოებელთა გამოკითხვა. 

ლიტერატურა

  1. Kurleto  M. The specificity of Roural Tourism development From the perspective of innovative driving forces //Journal Management Science and Education, volume 3, 2014, issue 2, p.51-57).
  2. Dashper K. Rural tourism: Opportunites and Chalenges. wignSi: Rural Tourism: An International perspective, Cambridge Scholars Publishing, UK 2014, p.423.
  3. Zoto S., Qirici E., Polena e. Agrotourism – A. Sustainable Development for Rural Area of Korea // European Academic research. Vol. 1. ISSUE 2. May, 2013.pp 209-223
  4. Lane, B. Rural tourism: An overview: The SAGE Handbook of Tourism Studies; Sage Publications Ltd.: London, UK, 2009; pp. 354–370.
  5. ვაწაძე ი. ,,სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარება როგორც ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის კონცეფციის რეალიზაციის ფაქტორი”. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი, 2018.-533 გვ.
  6. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისათვის. თბილისი, 2013.-39გვ.
  7. საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015/2025. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თბილისი, 2015.-26გვ.
  8. ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის წინასაპროექტო კვლევა. თბილისი, Artstudio Project 2017 – 285 gv.

[1]www2.unwto.org/..

[2]ambrolauris municipalitetis turistuli centris mier mowodebuli informacia